....................საქართველოს დაცული ტერიტორიები....................

 

    საქართველოში ბუნებრივი ტერიტორიების დაცვის ისტორია საუკუნეების წინ იწყება. ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში თამარ მეფემ (1160-1213) გამოსცა სამეფო ბრძანება ზოგიერთი ტერიტორიის დასაცავად. ხუთასი წლის შემდეგ კი ვახტანგ მე-6 -ის (1675-1737) ”კანონთა კრებული” მოიხსენიებს ყორუღის ტერიტორიას, როგორც დაცვის ობიექტს - იქ აკრძალული იყო ხეების მოჭრა და სეირნობა, ტერიტორიას კი მცველები იცავდნენ. მთიან რეგიონებში არსებობდა ეგრეთ წოდებული ”ხატის ტყეები” რომლებიც მკაცრ დაცვას ექვემდებარებოდა და ტიპიურ ნაკრძალებს წარმოადგენდა. პირველი ოფიციალური ნაკრძალი კი მოგვიანებით, 1912 წელს, კახეთში შეიქმნა და მას ლაგოდეხის ნაკრძალი ეწოდა. მე-20 საუკუნის განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თანდათან სხვა ნაკრძალები და დაცული ტერიტორიებიც დაფუძნდა..
    1996 წელს საქართველოს პარლამენტმა გაითვალისწინა რა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადი და უნიკალური ბუნებრივ-კულტურული გარემოს მნიშვნელობა, მიიღო კანონი ”დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” ეს კანონი ქმნის იურიდიულ საფუძველს დაცული ტერიტორიების დასაარსებლად, რომელთა დანიშნულებაა, დაიცვას ქვეყნის ღირშესანიშნავი ბუნებრივი გარემო და ძვირფასი კულტურული მემკვიდრეობა. შედეგად, საქართველოში დაკანონდა საერთაშორისო კრიტერიუმებისა და ნორმების შესატყვისი დაცული ტერიტორიების კატეგორიები და მათი ჩამოყალიბების პროცედურა, რომელიც კონსერვაციის მსოფლიო კავშირის რეკომენდაციებს ემყარება.
    საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების ქსელის სისტემურ დაგეგმვას, დაცული ტერიტორიების დაარსებასა და მართვას. დეპარტამენტი ახორციელებს ზედამხედველობას დაცული ტერიტორიების მთელს სისტემაზე, რათა დაიცვას ცოცხალი ორგანიზმების თანაარსებობისთვის საჭირო ეკოსისტემები, ბიომრავალფეროვნება და ბუნებრივი რესურსები და ხელი შეუწყოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კვლევებსა და ტურიზმის განვითარებას

    დეპარტამენტის შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www..dpa. gov.ge

 

Last updated 18/07/2007
Design by Lasha Nodia